საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.
ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში 11:00-დან 14:00 საათამდე ჩატარდება.
პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილას, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ექიმი.
ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. რაც შეეხებათ პარაპლანისტებს, ერთ გადარჩა, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.